ბჟანიამ და გაგლოევმა პუტინს მეხუთე ვადით გაპრეზიდენტება “თბილად მიულოცეს”

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების მარიონეტმა ხელმძღვანელებმა – ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა კრემლის მოქმედ ხელმძღვანელს საპრეზიდენტო არჩევნებში მორიგი გამარჯვება მიულოცეს.

როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, პუტინმა და გაგლოევმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც გაგლოევმა “პუტინს არჩევნებში წარმატება თბილად მიულოცა”.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა კი მისალოცი წერილი გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, “გილოცავთ არჩევნებში, რომელმაც დაადასტურა დემოკრატიული პრინციპების ტრიუმფი, მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას, აჩვენა მსოფლიოს რუსული საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე. თქვენი გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობის გამარჯვებაა, რაც მოწმობს სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ თქვენი ძალისხმევის, საერთაშორისო აღიარება. დარწმუნებული ვარ,  თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნებისკენ სწრაფვას, მათ შორის, გამარჯვებას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. აფხაზეთის მოსახლეობამ, თითქმის, ერთხმად დაუჭირა მხარი თქვენს კანდიდატურას, რაც ადასტურებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის საერთო ისტორიულ, სულიერ და კულტურულ ღირებულებებზე დამყარებული მეგობრობისა და თანამშრომლობის განუწყვეტელ კავშირებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები