პუტინმა უკრაინაში “სანიტარული ზონის” შექმნა არ გამორიცხა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის ტერიტორიაზე „სანიტარული ზონის“ შექმნას, რომლის გადალახვა უკრაინის სამხედროებისა და უცხოური ტექნიკისთვის რთული იქნება.
ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბში პრესკონფერენციაზე თქვა.
„არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტში, როდესაც მიზანშეწონილად ჩავთვლით, იძულებული ვიქნებით შევქმნათ გარკვეული „სანიტარული ზონა“ კიევის რეჟიმის დაქვემდებარებულ დღევანდელ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პუტინმა.
ასე უპასუხა მან ხარკოვის ოლქის აღების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას.
”ახლა არ ვარ მზად, ვისაუბრო იმაზე, თუ რა და როგორ უნდა შემოვიერთოთ,” – თქვა მან.
პუტინის თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს „უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნება იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც მტერი იყენებს, პირველ ყოვლისა, უცხოური წარმოების“.