“მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა” – ბირთვულ ომზე პუტინის განცხადებას მაკრონი გამოეხმაურა
ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა.
საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.
ჩვენ, პირველ ყოვლისა, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, – განაცხადა მაკრონმა.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
“იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გვაქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია”- თქვა რუსმა დიქტატორმა.