რუსეთი ბირთვული ომისთვის მზად არის, მაგრამ ვაშინგტონში საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, არ დაუშვან ესკალაცია, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “როსია 1”-ის ეთერში დიმიტრი კისელიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. სტრატეგიული ბირთვული ძალები მუდმივად არიან საბრძოლო მზადყოფნაში”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ არ აპირებენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას, რადგან ესმით, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებად და ინტერვენციად ჩათვლიდა.
“მე ვთქვი, რომ ბაიდენი არის ტრადიციული პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელი და ეს დადასტურებულია. იქ, ბაიდენის გარდა, უამრავი სხვა სპეციალისტია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და სტრატეგიული შეზღუდვის სფეროში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ყველაფერი ასე პირდაპირ იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ასევე გაიხსენა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი პრინციპები, რომლითაც ის იხელმძღვანელებს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების დროს.
„რაზე საუბრობენ: რომ ჩვენ ვართ მზად, გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის, ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ისეთიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, თუ ვსაუბრობთ რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. ჩვენთან ყველაფერი გაწერილია ჩვენს სტრატეგიაში და ის არ შეგვიცვლია“, – განმარტა კრემლის ლიდერმა.