კაცი, რომელიც გვირაბს თხრიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა – „ადამიანი-თხუნელას“ უცნაური ისტორია

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში, კალიფორნიის, ნევადის, არიზონასა და იუტას შტატების ტერიტორიაზე მოჰავეს უდაბნო მდებარეობს. ეს ძალიან არაკომფორტული ადგილია, სადაც ზაფხულში ტემპერატურა +54 გრადუსამდე აღწევს, ხოლო ზამთარში ნულს ქვემოთ ეცემა. ამ ადგილებში არც ისე ცოტა იდუმალებით მოცული და, უბრალოდ, საინტერესო ლოკაციაა. ერთ-ერთი მათგანი უილიამ ჰენრი შმიდტის გვირაბია, რომლის სიგრძე  2 კილომეტრზე მეტია და არსად მიდის.

უილიამ შმიდტი უდაბნოს სიღრმეში მდებარე ფერმაში განმარტოებით ცხოვრობდა და არავისთან ურთიერთობდა. ის, რომ მან 1900 წელს მიწის ქვეშ გვირაბის გათხრა დაიწყო, მრავალი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, ადგილობრივმა შერიფმაც კი. როდესაც ფერმერის სამუშაოს შესახებ გაიგეს და მისი გამოკითხვა დაიწყეს, ის ძალიან მოკლედ და გაუგებრად პასუხობდა  – „მე ყველაზე მოკლე გზას ვეძებ“.

შმიდტს შეშლილად თვლიდნენ და ეს სავსებით გასაგები იყო. მისი ნაშრომი შთამბეჭდავია თავისი მასშტაბით და უსარგებლობით. 2087 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა დერეფანმა მეშახტეს ცხოვრების 32 წელი წაართვა. რას ეძებდა ის და იპოვა თუ არა, დღემდე არავინ იცის. კაცი, უბრალოდ, გაუჩინარდა, ღია დატოვა თავისი გვირაბის კარი და სახლიდან ძალიან ცოტა ნივთი წაიღო.

ერთხელ ადგილობრივებმა შეამჩნიეს, რომ შმიდტი დიდხანს არ გამოჩენილა. მათ ღია კარი დაინახეს და იფიქრეს, რომ „ადამიან-თხუნელას“ რაღაც უბედურება შეემთხვა.

მოჰავე არასტუმართმოყვარე ადგილია: გველებით, მორიელებით, ობობებით და ქვიშიანი ტორნადოთი, მაგრამ ყველამ ლოგიკურად ჩათვალა, რომ ხნიერ ფერმერს მიწისქვეშ რაღაც დაეართა, მაგალითად, მიწა ჩამოეშალა.

შმიდტის ძიებაში

ადგილობრივების პატარა ჯგუფი, შერიფით სათავეში, ფერმერის საძებნელად, გვირაბთან შეიკრიბა. შერიფმა და მისმა რამდენიმე თანმხლებმა გვირაბში რამდენიმე ასეული მეტრი გაიარეს, ხოლო როცა დაბრუნდნენ, მეტყველების უნარი დაკარგეს. გვირაბი, რომელიც ნიჩბით იყო გათხრილი, არ მთავრდებოდა.

ამიტომაც, მათ თავი დაიმშვიდეს, რომ შმიდტი თავად დაბრუნდებოდა და სახლებში წავიდნენ. თუმცა,„ადამიანი-თხუნელა“ ერთი კვირის შემდეგაც არ გამოჩნდა. ამჯერად გვირაბში პროფესიონალთა ჯგუფი შევიდა. მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ფერმერმა ორ კილომეტრზე მეტი გათხარა. გვირაბი სიმაღლეში 1,80, ხოლო სიგანეში – 3 მეტრი იყო და ჩიხით მთავრდებოდა, სადაც ურიკა და რამდენიმე ბრჭყვიალა ქვა ეგდო, რომელიც, ძირითადად, ოქროსთან ერთად მოიპოვება.

გვირაბში სხვა იარაღებიც ეყარა. ძირს დაგებული იყო ლიანდაგები ურმისთვის. დიდი ალბათობით, უილიამი ოქროს ეძებდა, მაგრამ 1938 წელს ეს წამოწყება მიატოვა და სხვაგან გაემგზავრა.

სხვა ვერსიის თანახმად, მან ოქრო მოიპოვა და გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები