ლოს-ანჯელესში “ოსკარის” 96-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მისი მთავარი ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის ფილმი “ოპენჰაიმერი” გახდა.
ფილმის შემქმნელები 13 ოსკარის მიღებას პროგნოზირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, 7 მიიღეს, მათ შორის “საუკეთესო ფილმისთვის”.
“ოპენჰაიმერს”, ასევე, ოსკარი – “საუკეთესო მონტაჟისთვის“, „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის“, „საუკეთესო საუნდტრეკისთვის”; კრისტოფერ ნოლანს გადაეცა ჯილდო – “საუკეთესო რეჟისურისთვის”, მთავარი როლის შემსრულებელი კილიან მერფი “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გახდა, ხოლო, რობერტ დაუნი უმცროსმა თავისი პირველი ოსკარი – “მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის” მიიღო.
“ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი” – ემა სტოუნი გახდა ფილმში „საწყალი – ღარიბები”.
“მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი” დევენ ჯოი რენდოლფი გახდა ფილმისთვის – “დატოვებულები” (“The Holdovers”)
“საუკეთესო უცხოური ფილმისთვის” ოსკარი რეჟისორ ჯონათან გლეიზერის ამერიკულ-ბრიტანულ-პოლონურმა ფილმმა – “ინტერესთა ზონა”-მ მიიღო.
“მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების” კატეგორიაში – „ომი დასრულდა! ჯონისა და იოკოს მუსიკით შთაგონებული” მიიღო.
“ბარბიმ” ერთადერთი ოსკარი – “საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის” (What Was I Made For) აიღო.
“საუკეთესო ანიმაციური ფილმი” – იაპონელი ანიმატორის ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ჩიტი“ გახდა.
რაც შეეხება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, ამ კატეგორიაში გამარჯვებული უკრაინელი რეჟისორის, მსტილავ ჩერნოვის ფილმი „20 დღე მარიუპოლში“ გახდა.
“ვისურვებდი, ეს ფილმი არასდროს გადამეღო. ვისურვებდი ეს “ოსკარი” გამეცვალა იმაზე, რომ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში და არასდროს დასხმოდა თავს ჩვენს ქალაქებს. მაგრამ, ერთად ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!” – თქვა ჩერნოვმა ჯილდოს გადაცემის დროს.