გერმანიაში მატარებლის მემანქანეები და აეროპორტების პერსონალია გაფიცული

გერმანიაში მემანქანეთა პროფკავშირმა – GDL-მ მორიგი აქცია დაიწყო, რომელიც 35 საათს გაგრძელდება.

გაფიცვა დილის ორ საათზე დაიწყო და გერმანიის საქალაქთაშორისო და რეგიონულ სარკინიგზო ტრანსპორტის დიდ ნაწილს შეეხება. ორი დღის განმავლობაში ყველა მატარებლის მხოლოდ მეხუთედი იმოძრავებს.

ანალოგიური გაფიცვა სატვირთო ტრანსპორტის თანამშრომლებმა 6 მარტს დაიწყეს, რომელიც 8 მარტის დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვა იმავე დღის 13:00 საათამდე.

როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელმა, კლაუს ვესელსკიმ თქვა, გაფიცვა Deutsche Bahn-თან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე პასუხია.

GDL-ის მთავარ მოთხოვნად რჩება სამუშაო კვირის 35 საათამდე შემცირება ხელფასის შენარჩუნებით.

7 და 8 მარტს, ასევე, Lufthansa-ს სახმელეთო ​პერსონალის გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება, რომლისკენაც პროფკავშირი Ver.di მოუწოდებს.

ამ დღეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ფრენა გაუქმდება, რომ ამ გზით ავიაკომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლა მოხდეს.

Ver.di-მ ერთდღიან გაფიცვისკენ ჰამბურგის, ფრანკფურტის და დიუსელდორფის აეროპორტების თანამშრომლებსაც მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები