ვახტანგ ძაბირაძე: ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა

“ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ძაბირაძე ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ხელისუფლების განცხადებები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გასაგებია, ეს იმ კონტექსტში ჯდება, რასაც ისინი პრეზიდენტთან დაპირისპირების შემდეგ ავითარებენ, რომ ზურაბიშვილი თითქოს ოპოზიციის პრეზიდენტია და არა ქვეყნის. მის დაკავშირებას განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” ცდილობენ. ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე, რა თქმა უნდა, მორალური საკითხიც არის, მაგრამ დიდი დოზით უფრო პოლიტიკური თემაა და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მორალური, რა თქმა უნდა, თუ ამაზე წავა ზურაბიშვილი. ის ამ საკითხზე საუბრისას ძველებურად კატეგორიული აღარ არის, ამან განაპირობა როგორც მმართველი პარტიის, ისე |”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ნათქვამი უფრო დიპლომატიური განცხადებაა და ის ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის. რაც მთავარია, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მისი რეიტინგი, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძალიან დაზარალდება. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ევროინტეგრაციის საქმეში პრეზიდენტის მხარდამჭერია, ძირითადად, ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველია, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” მოსწონს და არც “ქართული ოცნება”, ამიტომ სააკაშვილის შეწყალება მათგანაც აღქმული იქნება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მხარდაჭერა. ვაღიაროთ, დღეს საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს მაინც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს, რაც არ უნდა თქვან ევროპარლამენტარებმა თუ სხვა უცხოელმა პოლიტიკოსებმა. ამგვარი მოცემულობა იყო აქამდეც და რჩება კვლავაც. ამიტომაც პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყანაში მის პოლიტიკურ ფასს ძალიან დასცემს. ესეც რომ არ იყოს, სააკაშვილი, გარდა მსჯავრდადებულისა, ბრალდებულიც არის – არაერთ სხვა საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, ის შეიძლება საერთოდ არ გამოუშვან ციხიდან, ან გამოუშვან რამდენიმე საათით, როგორც გიგი უგულავა წლების წინ. ამიტომაც ეს იქნება პრეზიდენტის ფუჭი გასროლა, რითაც ვერც სააკაშვილი იხეირებს და ვერც ოპოზიციური სპექტრი. ეს უფრო “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა ეს მშვენივრად იცის და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

ჩვენ ევროკავშირთან დასაახლოებლად 9 მუხლი გვაქვს შესასრულებელი, სჯობს ამას მივხედოთ. ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ – ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. სულ სამი ელექტორალური ჯგუფია: “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე და ე.წ. შუაშისტი. ჯამურად ამომრჩევლის ეს სამივე ჯგუფი დაახლოებით 1 800 000 ამომრჩეველს აერთიანებს, რჩება კიდეც რაღაც რაოდენობა, რომელიც ზუსტად არჩევნების წინ იღებს გადაწყვეტილებას ან არ მიდის არჩევნებზე. ოპოზიციამ სწორედ ამ ელექტორალური განწყობებით უნდა იხელმძღვანელოს. თითქოს ყველა ყველაფერს ხედავს, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ დაადგა საშველი ოპოზიციის ჩამოყალიბებას”, 5%-იან ბარიერს დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ გადალახავს, ოპოზიციური ხმები გაიფანტება და “ქართულ ოცნებასთან” წავა. ამის მიუხედავად, ყველა ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. ნიკა მელიას ფაქტორი ოპოზიციაში პრობლემას არ ქმნის. ის “ნაციონალურ მოძრაობას” უყოფს ხმებს. ვის რამდენი შეხვდება ამ გაყოფილ ხმებში, იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეაფასებს არსებულ ვითარებას და ვის რა ძალის ჯგუფი ეყოლება.

ჩემი აზრით, მელიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვს, იმდენად დიდი რაოდენობის ამომრჩეველს წამოიყვანს “ნაციონალური მოძრაობისგან”. რეგიონებში ადგილობრივი საკრებულოების წევრების განცხადებებს თუ ადევნებდით თვალს, გეცოდინებათ, რომ ბევრი უჭერს მხარს მელიას, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მას პარტიული სტრუქტურა, ფაქტობრივად, გამზადებული აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტსაც შეძლებს, თუ ხოშტარიასა და ჯაფარიძესთან საერთო ენას გამონახავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხაბეიშვილ-კეზერაშვილის გუნდს გაასწროს კიდეც. რაც შეეხება გვარამიას, პარტიას კი დაარქვა “ახალი”, მაგრამ იმ მოჭიდავე დათუნაშვილს თუ არ ჩავთვლით, იქ ჯერ ახალს ვერავის ვხედავ და დამოუკიდებლადაც მას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს. თუ მელიასთან გამონახავს საერთო ენას, შეიძლება ეს საინტერესო კონფიგურაცია იყოს. მისი ამომრჩეველიც “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყოფს ხმებს. მას შუაშისტი ელექტორატის მიმხრობის არანაირი საშუალება არა აქვს. ეს შეიძლება მელიამ უფრო შეძლოს.

რაც შეეხება შუაშისტ ფრთას, მთავარ პრობლემას სწორედ იქ ვხედავ, სადაც არიან: გახარია, “ლელო”, ელისაშვილის პარტია, ანა დოლიძე, იაგო ხვიჩიას “გირჩი” და დამოუკიდებელი დეპუტატები. თუ ეს სუბიექტები გაერთიანდებიან, ძალიან ძლიერ ძალად ჩამოყალიბდებიან, რომელიც არა მარტო სრულად აითვისებს შუაშისტ ელექტორატს, არამედ ამომრჩევლის ნაწილს წამოიყვანს “ქართული ოცნებიდან” და ასე განსაჯეთ, “ნაციონალური მოძრაობიდანაც”. მას პირველ ადგილზე გასვლის შანსიც შეიძლება ჰქონდეს. პირველ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ კონსტიტუციით, უპირველესად მას ენიჭება მთავრობის დაკომპლექტებისას უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ფრთაში გახარიამ უკვე გამოაცხადა, რომ არჩევნებში მარტო გავა. დარჩნენ “ლელო”, ელისაშვილი, ხვიჩიას “გირჩი” და ანა დოლიძე. თუ “ლელო” მათ გააერთიანებს, შეიძლება გახარია პარლამენტის გარეთაც კი დატოვოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი პატარა პარტიაა – ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, “პატრიოტთა ალიანსი” და ა.შ. ისინი 1%-საც ვერ აიღებენ, მაგრამ ხმებს წაიღებენ, რომელთა რაოდენობა საერთო ჯამში იმდენად დიდი იქნება, რომ უფრო დიდ, ზემოხსენებულ მსხვილ ჯგუფებს პრობლემებს შეუქმნის ბარიერის გადალახვაში. ასე რომ, ყველაფერი ძალიან მარტივია.

“ლელოსა” და მელიას მომავალი პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე ძლიერი გაერთიანება იქნება, მაგრამ არ ექნება სინერგია. ასეთ შემთხვევაში “ლელო” ბევრ ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, იმიტომ, რომ მელია მაინც “ნაციონალებთან” ასოცირდება, შუაშისტ ელექტორატს კი მაინც “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი წარმოადგენს. ბევრს აინტერესებდა, თუ რა როლი შეიძლება ეთამაშა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მან განაცხადა, არ ვაპირებ ოპოზიციის ლიდერობასო. არადა, მის ყველაზე ძლიერ ნაბიჯად ჩაითვლებოდა “ლელოს”, გახარიას, ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხვიჩიას “გირჩის” გაერთიანებისთვის ხელშეწყობა. გასაგებია, რომ გახარიას ცალკე პოზიციონირება უნდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, გახარიას გარეშეც შეიძლება ამ ოთხი სუბიექტისგან ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ამისთვის საჭიროა პრეზიდენტის პოსტის დატოვება, მაგრამ, როგორც ვატყობ, არ აპირებს. უფრო სწორად, ან ვერ ახერხებს პარტიის ლიდერების შეთანხმებას, ან საერთოდ არ ფიქრობს ამაზე.

რაც შეეხება კითხვას – “ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ქვეყნებიდან ქვეითი ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა …” – ტოტალიტარული სახელმწიფოები ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ერთ დღეში, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასე ვერ იქცევიან. დღეს მაკრონის განცხადება კატეგორიულად კი უარყვეს, ამბობენ, რომ არც ნატო და არც რიგი ქვეყნები ამას არ გააკეთებენ, მაგრამ გამოჩნდა კანადა, რომელმაც თქვა, ჩვენ გავგზავნით ჯარისკაცებს, მაგრამ საომრად კი არა, უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლადო. ვფიქრობ, ეს საკითხი ჯერ სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება. დასავლეთმა ერთი რამ მშვენივრად იცის – უკრაინის მარცხი ნიშნავს მთელი დასავლეთის, საზოგადოდ, დემოკრატიული სამყაროს ავტორიტარულთან დამარცხებას. ამიტომ ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება. ეს დასავლეთისთვის იქნება კატასტროფა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას უფრო სწრაფად მოქმედება არ შეუძლია. იმედია, პრობლემები მალე დაიძლევა, უკრაინას ვაშინგტონი აუცილებლად გამოუყოფს იმ 60-მილიარდიან დახმარებას და ევროპაც უფრო გააქტიურდება. ეს არის პროცესი, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. დღეს მაკრონის განცხადება თითქოს ჰიპოთეზური და კატასტროფულია, მაგრამ ხვალ-ზეგ შეიძლება რეალურიც გახდეს”,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები