როგორ „გაასამართლა“ რომის პაპმა წინამორბედის ცხედარი

პ აპობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. გასაკვირი არ არის, რომ წმინდა საყდრის ისტორიაში, რომელიც, თითქმის, ორი ათასი წლით თარიღდება, ბევრი ბნელი გვერდი იყო. გარდა ყბადაღებული ინკვიზიციისა, ქრონიკებში შემონახულია ისტორიები თავად პაპების უკიდურესად უცნაური და ხშირად სასტიკი ქმედებების შესახებ. ალბათ, ყველაზე შორს წავიდა პაპი სტეფანე VI, რომელმაც გარდაცვლილი წინამორბედის სასამართლო პროცესი გამართა.

სტეფანე VI-ს ხელისუფლება ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, 896 წლიდან 897 წლამდე გრძელდებოდა, რაც საკმაოდ დამახასიათებელი იყო იმ დროისთვის, რადგან ეს ინსტიტუცია ნამდვილ კრიზისს განიცდიდა. პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, პაპები გავლენიანი დინასტიების მარიონეტებად იქცნენ.

სტეფანე VI-მდე რომის პაპის ტახტი ფორმოზუსს ეკავა. ის ცდილობდა, კათოლიკურ ტახტზე დინასტიების გავლენა შეემცირებინა, რამაც, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ სიძულვილის უზარმაზარი ტალღა ააგორა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფორმოზუსი 896 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოულოდნელად გარდაიცვალა, მემკვიდრედ კი, ბონიფაციუს VI დატოვა.

თუმცა, მისი პაპობა მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. გავლენიანმა არისტოკრატებმა ბონიფაციუსი ტახტს ჩამოაცილეს და საკუთარი პაპით, სტეფანე VI-ით ჩაანაცვლეს. მისი მფარველების ზეწოლით, მან ცხრა თვის წინ გარდაცვლილი ფორმოზუსის ცხედრის ექსჰუმაცია და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოითხოვა. „სასამართლოზე“ გაყალბებული და გაუგებარი ბრალდებები წარადგინეს.

897 წლის იანვარში ლატერანის სასახლეში გამართულ სასამართლო პროცესზე საზეიმო სამოსში გამოწყობილი ფორმოზუსის ნახევრად დაშლილი გვამი ტახტზე დაასვენეს და „დაკითხვა“ დაუწყეს. გარდაცვლილის მაგივრად, პასუხს დიაკვანი სცემდა, რომელიც გარდაცვლილი პაპის ხმას ჰბაძავდა. ეს წარმოდგენა ისტორიაში „გარდაცვლილის საეკლესიო კრების“ სახელით შევიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მისი პაპობა ბათილად გამოცხადდა. თითები, რომლებითაც პირჯვარს იწერდა, გვამს მოაჭრეს, რომის ქუჩებში ათრიეს და დამარხეს. მოგვიანებით, ყოფილი პაპის ცხედარი, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით ამოთხარეს და ცხედარი მდინარე ტიბრში გადაგდეს.

ფორმოზუსის გვამის დაცინვის შემდგომ რომში მიწისძვრა მოხდა, რამაც ქალაქში ნგრევა გამოიწვია. ამ ნიშანმა „გამოაფხიზლა“ რომაელები. თანაც, გავრცელდა ჭორები, რომ ტიბრიდან ამოღებულმა ცხედარმა სასწაულებრივი განკურნება დაიწყო. ქალაქი აჯანყდა, პაპი სტეფანე VI კი, დააპატიმრეს და დაახრჩვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები