ბრიუსელის ცენტრში, ე.წ. ევროპულ კვარტალში, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებია განთავსებული, ფერმერებმა ასეულობით ტრაქტორი გამოიყვანეს. ამ გზით აპროტესტებენ ისინი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრების დღევანდელ შეხვედრას.
ამის შესახებ RTBF წერს.
დღევანდელი აქცია 1-ელი თებერვლის პროტესტის გაგრძელებაა, რადგან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ფედერაცია მიიჩნევს, რომ ევროკომისიას საკმარისი კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. მაღალი გადასახადების, მზარდი ხარჯებისა და იაფი სოფლის მეურნეობის იმპორტის ფონზე, ფერმერები მეტ მხარდაჭერას ითხოვენ.
ისინი, ასევე, ევროპის მწვანე კურსს ეწინააღმდეგებიან, რომელიც გარემოსდაცვით წესებს ადგენს.
ევროკავშირის ინსტიტუტებთან ძალოვანებმა დღეს მავთულხლართები და ლითონის ბარიერები აღმართეს. გამოყენებულია წყლის ჭავლი, რადგან მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და პოლიციის ბარიკადებს არბევდნენ.
რამდენიმე ფერმერმა ტრაქტორით პოლიციის ბარიკადების გარღვევა შეძლო.
შუმანის მოედანზე რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.
აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ფეკალიები დაყარეს, ასევე, ევროპული კვარტლის დიდი ნაწილი თივით დაფარეს.