“საჭიროა ბავშვთა სრულფასოვანი ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა” – ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვების ფსიქიკური შემოწმება მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მიმდინარეობს.
ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს, ედუარდ ბუთბას შემოწმების პირველი ეტაპის შედეგები მოახსენეს.
ბავშვების გამოკვლევა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში ჩაუტარდათ. ჯამურად, ინტერვიუ 69 ბავშვთან შედგა.
მთავარ პრობლემებს შორის გამოიკვეთა: განვითარების გადახრები, ქცევითი გადახრები, ემოციური გადახრები, სუიციდური ტენდენციები.
როგორც ფსიქიატრმა ოქსანა მელნიკოვამ თქვა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საჭიროა ბავშვთა სრულფასოვანი ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა.
ბუთბამ ბავშვების სტაციონარული მკურნალობის ორგანიზების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გვესმის ფსიქიკური დაავადების მქონე ბავშვების ყოვლისმომცველი დახმარების გაწევისთვის პირობების შექმნის მნიშვნელობა და საჭიროება. ამავდროულად, კვლავ რჩება კითხვა, სად არის უკეთესი საავადმყოფოს მოწყობა. თუ საუბარია ბავშვთა საავადმყოფოზე, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება, მაშინ ეს სამომავლო საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, თემა ადრეულ გადაწყვეტას მოითხოვს. დაველოდებით გამოკვლევის მეორე ეტაპს და მასზე დავამყარებთ სტაციონარული მკურნალობის ორგანიზების გადაწყვეტილებას“, – თქვა მან.