კუხო-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციაში წევრობის შეჩერების შესახებ განაცხადი სომხეთისგან არ მიუღიათ

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) აცხადებენ, რომ სამდივნოს ერევნისგან წევრობის შეჩერების შესახებ განცხადება არ მიუღიათ.

ამის შესახებ სამდივნოში რუსულ მედიას განუცხადეს.

როგორც იქვე ივარაუდეს,  სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ რესპუბლიკას ბოლო რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია.

“რაც შეეხება თეზისს მონაწილეობის გაყინვის შესახებ, როგორც ჩანს, საუბარია ორგანიზაციის ბოლოდროინდელ ღონისძიებებზე, რომელშიც სომხეთს მონაწილეობა არ მიუღია”, – ფიქრობენ კუხო-ს სამდივნოში.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა – ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა კუხო-ში წევრობა შეაჩერა.

ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ე.წ. შეთანხმება არ განხორციელებულა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში, როდესაც კუხო-ს სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ “აზერბაიჯანის აგრესიაზე” პოლიტიკური შეფასება არ გაუკეთებია.

“ეს ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ”, – თქვა მან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები