„მარსი დედამიწაზე“ – როგორ გამოიყურება სხვა პლანეტაზე წამსვლელი მოხალისეების ყოველდღიური ცხოვრება

შორეული მანძილების დაპყრობა ახალი იდეა არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი აზრი გამოთქვა ცნობილმა ფიზიკოსმა, სტივენ ჰოკინგმა და მწარმოებელმა, ილონ მასკმა, ხოლო სტენლი კუბრიკმა მხატვრულად გამოსახა აღნიშნული იდეა „კოსმოსურ ოდისეაში“. ზუსტად უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სამეცნიერო საზოგადოების წევრები სერიოზულად ფიქრობენ იმის შესახებ, თუ როგორია – იცხოვრო სხვა პლანეტაზე, კერძოდ კი, მარსზე, სადაც დედამიწასთან მიახლოებული პირობებია.
შესაძლოა, მარსი დედამიწას იმაზე მეტადაც კი ჰგავდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს იდეა დევს პროექტში – MDRS (Mars Desert Research Station), რომელშიც მონაწილეობას ათობით სხვადასხვა წარმოშობის მოხალისე იღებს. ისინი სხვა პლანეტაზე ადაპტირებას ცდილობენ – თვეობით ცხოვრობენ უდაბნოს ტერიტორიაზე სპეციალურ მოწყობილ სადგურებში, რომლებიც ვიზუალურადაც კი ჰგვანან წითელ პლანეტას.
მარსზე ცხოვრების სიმულაციური პროგრამის გმირებს არ შეუძლიათ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნურ პირობებში ატარებენ, რათა მკვლევრებმა გაარკვიონ, თუ როგორ გაგზავნონ ადამიანები მარსზე მომავალში.
ზოგიერთი პროექტში მოხვედრამდე ჯარში მსახურობდა, ზოგმა სულ ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი, ვიღაც წიგნს წერდა ან მეცნიერების დარგში მოღვაწეობდა.
თავის ფოტოპროექტში – „ცხოვრება მარსზე“ – კასანდრა კლოსს სურდა, ეჩვენებინა, როგორ ახდენენ ადამიანები ცხოვრების სიმულაციას გაორებულ რეალობაში და გაეგო, რამდენად ჰგავს  მარსზე ყოფნის იმიტირებული გამოცდილება იმას, რაც  წითელი პლანეტის მომავალ კოლონიზატორებს რეალურად ელოდებათ.
ხანდახან გავიწყდება, რომ ეს სიმულაციაა და გეჩვენება, თითქოს, მართლაც მარსზე ცხოვრობ.
კასანდრა კლოსი
ადამიანის ფსიქიკა საკმაოდ მყარია და სწრაფად ადაპტირდება, მაგრამ თუკი გაფრენას გადაწყვეტთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ნახევარ გზაზე ხომალდიდან ვერ ჩამოხვალთ. ამიტომაც, პირველად მარსზე აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ამ გამოწვევას მიიღებენ. ვნახავ თუ არა ჩემს სიცოცხლეში ადამიანს მარსზე? არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა, ამის მჯეროდეს. კაცობრიობა ხომ ისეთი ტექნოლოგიური პროგრესის წინაშე დგას, როგორიც 1960-იან წლებში არ არსებობდა…
კასანდრა კლოსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები