“ნებისმიერი ვარაუდიც კი, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას“ – სტოლტენბერგმა ტრამპს მიმართა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით ზიანს აყენებს ალიანსის უსაფრთხოებას და თქვა, რომ ელოდება მისი რიტორიკის შეცვლას.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის მთავარი სიძლიერე არის შეკავების პრინციპი, რომელიც ემყარება იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგეები დარწმუნებული არიან, რომ ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში საერთო პასუხს მიიღებენ.
„ნატოს იდეა და აქცენტი არის – ომის თავიდან აცილება. ნებისმიერი ვარაუდიც კი, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ყველა მთავრობა საერთო თავდაცვის პრინციპის ხელშეუხებლობას უსვამს ხაზს.
სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ყველა ეს განმარტება პირადად დონალდ ტრამპისკენ არის მიმართული.
”ტრამპისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ არ არის საჭირო ჩვენი შეკავების სისტემის შელახვა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები,” – თქვა სტოლტენბერგმა.