“აფხაზური სახელმწიფო დასაცავია, ის ხელში ტრანსნაციონალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა ჩაიგდეს” – გურამ გუმბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული კონფერენციის სპიკერი, გურამ გუმბა ე.წ. რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ “სახელმწიფო გადარჩენის დროა, რადგან მთავრობა ხელში ტრანსნაციონალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა ჩაიგდეს, რომლებიც ცდილობენ, აფხაზეთი საკუთრებად აქციონ”.

“დადგა დრო, როდესაც შეუძლებელი გახდა არსებული მდგომარეობის უგულებელყოფა: აფხაზეთის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე – განურჩევლად რწმენისა და სიმპათიების, არიან თუ არა ხელისუფლების მხარდამჭერები – იაზრებენ, რომ ქვეყანას კარგავენ. ბევრს უბრალოდ უჭირს რეალობის დაჯერება, იმდენად
უცერემონიოდ, საზოგადოების აზრის მიუხედავად, თავხედურად და ცინიკურად ცდილობს
ხელისუფლება აფხაზეთის სისხლით მოპოვებული თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობის განადგურებას.

ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომ აფხაზეთის დესუვერენიზაციის მცდელობები საქართველოდან დასავლეთის მხარდაჭერით მოდის, მაგრამ ის, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებას ჩვენ მიერ არჩეული უმაღლესი ხელმძღვანელობა დაიწყებდა – წარმოუდგენელიც იყო.

მაგრამ ფაქტები აშკარაა: აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევით, მისი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა; საბინაო საკითხის შესახებ კანონპროექტის მომზადება, რომლის მიღება აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ ჩასახლებას, რაც საფრთხეს უქმნის თავად მცირერიცხოვანი აფხაზი ერის არსებობას; კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც მიმართულია ნამდვილი პატრიოტების წინააღმდეგ – აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეების, თავისუფლების სულის მატარებელი ადამიანების წინააღმდეგ. და უწყებათაშორისი შეთანხმება,
რომლის მიხედვითაც უცხო სახელმწიფოს შიდა ჯარები – რუსეთის ფედერაციის ჯარი შესაძლოა, ჩაერთოს საზოგადოებრივი წესრიგის, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კერძო პირთა და იურიდიულ პირთა საკუთრების დაცვაში – რაც სხვა არაფერი, თუ არა საკუთარი ხალხისთვის ომის გამოცხადება.

უცნობია, კიდევ რა სიურპრიზებს გვიმზადებს ჩვენი ხელისუფლება!

ეს ყველაფერი ხდება იდენტობის, ენისა და ხალხის კულტურული დეზინტეგრაციის ფონზე, ქვეყანაში უცხოური, მიუღებელი კულტურული და სასულიერო ტრადიციების აგრესიული დანერგვის გზით.

ხელისუფლება თავისი ქმედებებით ცდილობს, არა მხოლოდ დავიწყებას მისცეს, არამედ აფხაზი ხალხის დემოკრატიული ტრადიციების დისკრედიტაცია მოახდინოს და ცდილობს მათ ჩანაცვლებას ჩვენთვის უცხო სუროგატული ტრადიციებით, რომლის მიზანია ავტორიტარული ხელისუფლების შექმნა, რომელიც ამავე დროს, თურმე, უცხო სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს ეყრდნობა.

შეიქმნა პარადოქსული ვითარება – აფხაზური სახელმწიფო მისსავე სახელმწიფო ელიტისგან არის დასაცავი, უფრო სწორად, რომელიც თავს ასეთად მიიჩნევს და დღეს ხელისუფლებაში იმყოფება. დღეს
ჩვენი ხელისუფლება არა მხოლოდ ართმევს საკუთარ თავს ლეგიტიმაციას, არამედ, რაც ყველაზე ცუდია, აყენებს კოლოსალური ზიანს აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის იდეას, ანგრევს მის ავტორიტეტს.

როგორც ბევრი ამბობს, ისე ჩანს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ხელში გარკვეულმა ტრანსნაციონალურმა ოლიგარქიულმა ჯგუფმა ჩაიგდო და მათ მიერ დანიშნული მარიონეტული ხელმძღვანელობის ხელით ცდილობს შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რათა აფხაზეთი თავის საკუთრებად აქციოს. ხოლო იმისთვის, რომ მისი მოქალაქეები მორჩილებაში იყვნენ და მათგან მომსახურე პერსონები შექმნან, აყალიბებენ ტრანსნაციონალურ სამხედრო-საპოლიციო დაჯგუფებას.

აფხაზეთის სამთავრობო ელიტის კეთილდღეობის წყარო არა საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხია, არამედ – რუსეთის ფინანსური დახმარება. როგორც ჩანს, ამიტომაა, რომ ჩვენს სამთავრობო ელიტას არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე ძალების ინტერესები ადარდებთ, რომელიც მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

დღეს აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე, საფრთხე ემუქრება აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტს და ეს არის მთელი ხალხის, აფხაზეთის რესპუბლიკის თითოეული მოქალაქის პრობლემა. სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მუდმივი პროცესია. ის ყოველთვის უნდა იყოს თავისი მიზნის პიკზე.  ეს გამოიხატება ყოველდღიურ, მუდმივ ბრძოლაში. დღეს კი ისევ დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ ყველამ უნდა დავდგეთ ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად

ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლა ქუჩის გამოყენებით, ძველი შეცდომების დაშვებით, რადგან ასე შესაძლოა, საბოლოოდ დავემსგავსოთ ბანანის რესპუბლიკას. ხელისუფლების შეცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლეგიტიმური საშუალებებით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაზე დაყრდნობით”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები