“მთავრობის შემადგენლობა, თუ თავდაცვის მინისტრს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, იგივე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გამართლდა ვერსია, თითქოს, სახელისუფლებო ბერკეტებიდან ღარიბაშვილის გუნდის გარიყვა ხდებოდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ზაალ ანჯაფარიძე სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.
“პირველი მოსაზრება, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით გამოითქვას არის ის, რომ ეს ცვლილებები მაღალი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება. უამრავი ვერსია გამოითქვა იმის თაობაზე, თუ რა იდგა ამის უკან, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ეს საკადრო როქი, თუ შეიძლება, ასე ეწოდოს, გამოძახილია 30 დეკემბერს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ნიშანდობლივი გამოსვლით, სადაც მან საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებით ისაუბრა იმაზე, თუ რა მდგომარეობა იყო პარტიაში, რომ ოპოზიციის დასუსტების ფონზე, შესაძლოა, პარტიაში ურთიერთდაპირისპირების კერები გაჩენილიყო , ხელისფლების მოჭარბების გამო ვიღაცებს, შესაძლოა, ზედმეტი ცდუნება გაუჩნდა, ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა. ვფიქრობ, ის პარტიისგან და პოლიტიკისგან, მაინც და მაინც, შორს არ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ჩარეული არ იყო. თავადაც თქვა, რომ პერიოდულად კონსულტაციებისთვის მასთან მიდიოდნენ. მან დაინახა ეს სურათი და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკადრო გადაადგილებები იყო საჭირო. ამასთან დაკავშირებით სხვა პასუხი, ჯერჯერობით, არ მაქვს. საკადრო გადადგილების შედეგს მაშინ დავინახავთ, როცა კობახიძის პრემიერობის პირველ 100 დღეს შევაფასებთ.
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ საკადრო გადაადგილებით ე.წ. ურთიერთშეკავების და გაწონასწორების ბალანსი დარღვეული არ იქნა, ანუ მთავრობის შემადგენლობა, თუ თავდაცვის მინისტრს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, იგივე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გამართლდა ვერსია, თითქოს, სახელისუფლებო ბერკეტებიდან ღარიბაშვილის გუნდის გარიყვა ხდებოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს “ქართული ოცნების” უფრო შიდა პარტიული გარემოებებიდან გამოწვეული გადაწყვეტილებაა და ვნახავთ, როგორი იქნება ახალი პრემიერმინისტრი თავისა ახალ ამპლუაში. ეს მართლაც საინტერესოა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ღარ იბაშვილისგან განსხვავებით, კობახიძეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. საინტერესოა, ეს ახალი გამოწვევა როგორი იქნება , როგორ გაართმევს თავს.
ასევე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ცვლილებები შესაძლოა, გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებსაც უკავშირდებოდეს. კონკრეტულად იმას, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში იმყოფება. ამას ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა. როგორც ჩანს, პარტიაში ჩათვალეს, რომ ახლა, ამ ეტაპზე პარტიისთვის ასეთი საკადრო როტაცია უკეთესი იქნებოდა. ირაკლი კობახიძის მიმართ, შეიძლება, ოპონენტების მხრიდან ბევრი კრიტიკა იყოს, მაგრამ რომ იტყვიან, ადამიანს , შეიძლება, ყველაფერი წაართვა, მაგრამ ცოდნას და ინტელექტს ვერ წაართმევ. ირაკლი კობახიძე საკმაოდ გამოცდილი კონსტიტუციონალისტია, მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნებაა, მას საუბარი შეუძლია, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, თანაბარუფლებიან პირობებზე და არა, რომ იტყვიან, ცალ ფეხზე მდგომს”- განაცხადა ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა. პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.