რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ილ-76-ი, რომელშიც უკრაინელი ტყვეებიც იმყოფებოდნენ, Patriot-ით არის ჩამოგდებული
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, ბელგოროდის რაიონშია გადაღებული, სადაც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76-ი ჩამოვარდა.
მოსკოვის ცნობით, ამ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა, რასაც უკრაინა არ ადასტურებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, თვითმფრინავი Patriot-ით არის ჩამოგდებული.
მისმა თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დათოვლილ ტერიტორიაზე თვითმფრინავის მიმოფანტული ფრაგმენტები.
მათივე მტკიცებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტები “აშშ-ს Patriot-ის სისტემის მართვადი საზენიტო რაკეტის MIM-104A-ს ფრაგმენტებია”.