უსახლკარო, რომელმაც, ბირჟაზე ვაჭრობით, მილიონი იშოვა – კურტ დეგერმანის არაჩვეულებრივი ამბავი
ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, როგორ გამდიდრდა ესა თუ ის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მინიმალური სასტარტო კაპიტალი. მაგრამ მათ შორის, ვინც თავისი ქონება ნულიდან მოაგროვა, არიან განსხვავებული მდიდრებიც. მათ მიეკუთვნება შვედი უსახლკარო კურტ დეგერმანი, რომელიც მილიონერი მაშინ გახდა, როდესაც ყველაზე დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა. მისი ცხოვრება აჩვენებს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შესაძლებელია ყველაზე რთულ პირობებშიც კი.
კურტ დეგერმანი შეძლებულ ოჯახში დაიბადა და კარგად სწავლობდა საშუალო სკოლაში. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბიჭს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რამაც დაღი დაასვა. უფროს კლასებში კურტმა ასოციალური ცხოვრების წესი დაიწყო. ის კონფლიქტში შედიოდა მასწავლებლებთან, მშობლებსა და თანატოლებთან, გარბოდა სახლიდან და არაერთხელ მოხვედრილა პოლიციაში.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დეგერმანმა სწავლას თავი დაანება, წავიდა ოჯახიდან და ახალგაზრდა უსახლკარო გახდა. თავიდან ის არასისტემატიური სამსახურით ირჩენდა თავს, მაგრამ შემდეგ უფსკრულში გადაეშვა. ასეთი ცხოვრების სტილი დეგერმანს 40 წლამდე ჰქონდა, მაგრამ კურტი განსხვავდებოდა სხვა უსახლკაროებისგან. მას ხალხთან ურთიერთობა არ უყვარდა.
ქილების ჩაბარებით გამომუშავებული ფულით ის არ ყიდულობდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკს. არც არავის უეჭვია, რომ ამ მიზერულ თანხას ის საქმეში დებდა. დეგერმანი ბირჟაზე ვაჭრობდა, ხოლო იქ გამომუშავებულ ფულით ძვირფას მეტალებს და პერსპექტიული კომპანიების აქციებს ყიდულობდა.
მილიონერი დეგერმანი არ დაბადებულა ბირჟის მოვაჭრედ. ის საათობით იჯდა უფასო მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, კითხულობდა წიგნებს ეკონომიკის შესახებ და ანალიტიკურ გაზეთებს. კურტის კაპიტალი ნელა იზრდებოდა, მაგრამ – სტაბილურად. მან იცოდა, როდის უნდა გაეყიდა აქციები და როდის არ გაერისკა.
ის მრავალი წლის მანძილზე თამაშობდა ბირჟაზე და დიდი ქონებაც მოაგროვა, მაგრამ 2008 წელს, 60 წლის ასაკში გულის შეტევისგან გარდაიცვალა. იმ დროისთვის მის ანგარიშებზე სხვადასხვა ბანკში, მათ შორის, შვეიცარიის ბანკებში 1,4 მილიონი აშშ დოლარი იდო. კურტი წინდახედული იყო და არსებული ქონების მხოლოდ ნაწილს ინახავდა ანგარიშებზე. დანარჩენი თანხა მან 124 ოქროს ზოდად აქცია, რომელსაც ბანკის უჯრედში ინახავდა. ასევე, მოულოდნელად გაირკვა, რომ დეგერმანი უსახლკარო არ იყო. მას პატარა კოხტა სახლი ჰქონდა გარეუბანში.
იმ სახლში ის 450 დოლარს ინახავდა. არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ცხოვრების წესი.
„კურტს არასდროს არავისი შურდა და არასდროს არაფერს ყიდულობდა, მაგრამ მას მართლაც ნათელი გონება ჰქონდა და სხვებზე ჭკვიანი იყო“, – იხსენებს მისი ბიძაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, ის ერთადერთი ნათესავი იყო, ვისთანაც კურტს ურთიერთობა ჰქონდა და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას საავადმყოფოში აკითხავდა ავადმყოფობის დროს. ამიტომ, მისი ანდერძი არავის გაჰკვირვებია. მთელი თავისი ქონება დეგერმანმა თავის ბიძაშვილს უსახსოვრა.