,,მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას გადავუხდი ჩვენი ქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის მთავარი წინაპირობა, რეგიონში მდგრადი მშვიდობაა.
,,წლევანდელი ფორუმის მთავარი აქცენტი მშვიდობის როლია, რაც არც შემთხვევითია და არც მხოლოდ სიმბოლური. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები, არც თუ ისე შორეული წარსულია. ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის.
ჩვენი ქალაქი, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე განვითარდა, მკაფიო ინდივიდუალიზმთან ერთად გამორჩეულია მრავალფეროვნებით. ეს კულტურული სიმდიდრე კარგად ასახავს იმ როლს, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა.
დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობის განვითარებაზე, შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის მთავარი წინაპირობა, რეგიონში მდგრადი მშვიდობაა.
გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება. ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.
ძვირფასო სტუმრებო,
დღეს საქართველო ამაყობს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება გამოწვევებიც, რაც მოითხოვს ეფექტიან პასუხს, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხო, მიმზიდველ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ.იზრდება ჩვენი ქალაქის მიმზიდველობაც, რასაც აძლიერებს ჩვენი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობის კულტურა. შესაბამისად ტურისტების მზარდი რაოდენობა არ არის უცხო და გასაკვირი.
ტურიზმის განვითარება მეტ შესაძლებლობას ქმნის ეკონომიკური აქტივობისთვის, თუმცა მეტ საჭიროებებსაც აჩენს, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს ყველასთვის მიმზიდველი. საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება.
თბილისი 10 წლის უკან და თბილისი დღეს, საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეცვალო დრამატულად, ისე, რომ არ დაკარგო მთავარი – იდენტობა.
გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე განვითარება რთული წარმოსადგენია. გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების ძიება, საერთო მიზნების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევა უნდა იყოს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. დღევანდელი ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ მნიშნველოვან საკითხებზე, რაც თანამედროვე პირობებში პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის.
გისურვებთ საინტერესო და პროდუქტიულ დისკუსიას და სასიამოვნო დროის გატარებას ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ქალაქში.
დიდი მადლობა”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.