შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობა“ არის იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელიც დაყრდნობილია ძალადობასა და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვაზე
მუდმივად არის წარმოჩენა, თითქოს, ვიღაც ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“, სინამდვილეში, მათი გაყოფა არ ხდება, ერთი პოლიტიკური ორგანიზმია, ეს არის გაშლა, რათა დააბნიონ საქართველოს მოსახლეობა, თითქოს სხვადასხვა ფლანგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის „ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე“, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია ახალი პარტიის შექმნას აპირებენ“ საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, საბოლოო ჯამში, პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, ვინ როგორ ჯგუფდება.
“ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ალბათ მათზეა ნათქვამი. საბოლოო ჯამში, პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, ვინ როგორ ჯგუფდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელიც დაყრდნობილია ძალადობასა და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვაზე; დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე, არამედ სხვა ქვეყნების და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე. შეიძლება, ასე დახასიათდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის მთელი პერიოდი. ისინი ელოდებიან ტაშს ქვეყნის გარედან და არა საკუთარი მოსახლეობიდან. ეს არის მათი სწრაფვა. მათ უნდათ, წითელი ხალიჩები დაუგონ ქვეყნის გარეთ და არა მადლობა გადაუხადოს ქართულმა მოსახლეობამ ქვეყნის შიგნით. ამიტომ ეს არის პრობლემა.
ვინ სად იქნება, ვინ როგორ დაჯგუფდება, ეს არაფერს ცვლის შინაარსში. ქართველმა ხალხმა დიდი ხანია, გაიგო, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნირი, ხასიათი . ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ჩამოკიდებულია ქვეყნის გარედან ლეგიტიმაციაზე და არა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციაზე. ამიტომ, რა წარმოდგენა უნდა გვქონდეს, ვინ დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზმებს და ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესები და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ტაშის კვრა, ოვაციები.
ეს კინო არათუ ნანახი გვაქვს, უკვე ტელესერიალად იქცა, როდესაც მუდმივად არის წარმოჩენა, თითქოს ვიღაც ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“. თვითონაც რომ მიხვდებიან, ამ ტყუილს ვერავის აჯერებენ, ისევ თავის დედა პარტიაში ბრუნდებიან. ბოლო ასეთი შემთხვევა არის გიორგი ვაშაძე. გვახსოვს მისი რადიკალური განცხადებები, კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, დღეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. არსად არ ხდება მათი გაყოფა, ეს არის გაშლა, რათა დააბნიონ საქართველოს მოსახლეობა, თითქოს სხვადასხვა ფლანგია. სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური ორგანიზმია. ვინაიდან ეს ერთ იდეოლოგიას ეფუძნება, ერთმანეთს ვერ სცილდებიან. მათი იდეოლოგია არის ძალადობა, რომ ძალადობით გადაწყვიტონ საკითხები, მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ინტერესები, აინტერესებთ სხვა ხალხები. ისინი იფიცებენ სხვა დროშებზე, სხვა გერბებზე და სხვა ჰიმნებს მღერიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.