“ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერმინისტრის კანდიდატურა. ასე, რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ, ქართული საზოგადოებისა და საქართველოსთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც ხვალ მიღებული იქნება. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ ყრილობა იქნება და ყველა ის საკითხები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს ოფიციალურად წარდგენილი იქნება.
რაც შეეხება ახალი მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭოზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, დამტკიცება მოხდება, პროცედურა შემდეგ პარლამენტი გადმოინაცვლებს, სადაც ფრაქცია პრემიერმინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ჩვენი მიზანი არის, რომ მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.