საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგებზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებზე იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდი შეეხება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. აღნიშნულ პერიოდში თანამდებობის პირის დაბარების შესაძლებლობით ისარგებლა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე სამჯერ დაიბარა თანამდებობის პირები. მათ შორის: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმინეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კი თავდაცვის მინისტრი იყო მოწვეული.

„ხშირად არის საუბარი საპარლამენტო მექანიზმების გამოყენების, პარლამენტში თანამდებობის პირების და მთავრობის წევრების უფრო ხშირად მოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად ძალიან იშვიათად იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციაც, რომ თანამდებობის პირები მოიწვიონ კომიტეტის სხდომაზე”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს გაეგზავნება და გამოქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ საიტზე. კომიტეტმა საკითხი ცნობად მიიღო.

სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა.

„ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს როგორც მაკონტროლებელი ფუნქციის, ასევე საკანონმდებლო საქმიანობის შესრულების კუთხით. რეგლამენტი ის ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად საჭიროებს მოერგოს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც ფუნქციონირებს პარლამენტი და მაქსიმალურად იყოს მოქნილი იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება იყოს სამართლებრივად გამართული, ამავდროულად, მოქნილი და რელევანტური. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ. საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს მომავალშიც ეფექტურად გამოვიყენებთ ჩვენი კომიტეტის ფუნქციების შესასრულებლად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები