„ხელწერა ხომ არ წამიხდა“ – ჯემალ ინჯიას წიგნის წარდგენა გაიმართება
26 იანვარს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ჯემალ ინჯიას ახალი, „მუზა 2023“-ის მოკლე სიაში დასახელებული წიგნის წარდგენა: „ხელწერა ხომ არ წამიხდა“.
ჯემალ ინჯია 14 იანვარს, 87 წლის გახდა.
მწერალი დაიბადა 1937 წლის 14 იანვარს, ქალაქ გორში. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
გამოცემული აქვს 40-ზე მეტი წიგნი. მისი ლექსები თარგმნილია 11 ენაზე.
გამოცემული აქვს წიგნი სონეტების გვირგვინებისა – „ირმის ნახტომი“, რომელშიც შესულია პოეზიის ამ ურთულესი ფორმის 13 გვირგვინი.
ქართული თეატრის რეპერტუარი გაამდიდრა 5 პიესით.
გამოცემული აქვს „პორტუგალელთა ვეფხისტყაოსნის“ – ლუის დე კამოენსის „ლუზიადებისა“ და სონეტების თარგამნები. თარგმნა ესენინის, მაიაკოვსკის, ბლოკის, პასტერნაკის, მარკიშის, ლიტველი და ოსი პოეტების ლექსები, ედგარ პოს „ყორანი“.
მისი სონეტების გვირგვინი, ტრიოლეტები და ოქტავები შესულია ფილოლოგიურ სახელმძღვანელოებში.
გორის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს „ჯემალ ინჯიას აუდიტორია“.
არის რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი და გორის ათგზის ჩემპიონი ჭადრაკში.
მწერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ფლობს „პოეზიის რაინდის“ წოდებას, დავით აღმაშენებლის სახელობის „ოქროს მედალს“. მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ფრიდონ ხალვაშის, ჯემალ აჯიაშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, „საგურამოს“, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიები.
არის ამიერკავკასიის ხალხების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გორის საპატიო მოქალაქე.