ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ნატოს რომელიმე წევრის მიმართ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს, თუმცა, ალიანსმა თავდასხმის თავიდან ასაცილებლად სიფხიზლე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მაგრამ ამის მთელი იდეა არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვის წარმოება – არა მხოლოდ კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარებისთვის, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
მანვე დასძინა, რომ ალიანსის კიდევ ერთი ამოცანა მიმდინარე ომში არის ესკალაციის თავიდან აცილება „ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მეტი საბრძოლო შენაერთების განლაგებით, თავდაცვის სფეროში ჩვენი ინვესტიციების შემდგომი გაზრდით და მეტი წვრთნების გზით“.
„ამ კვირაში ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიან წვრთნებს. ეს იქნება ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 90 000 სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.