უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ადგილობრივი დროით 08:45 საათის მდგომარეობით, “რაშისტების” სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 5 ადამიანი შეეწირა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 30 მოქალაქე.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო მასიური იერიში გამთენიისას მიიტანეს.
ამ დროისთვის ცნობილია კიევში ერთი დაღუპული ქალის და 9 დაშავებულის შესახებ. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, „მათი უმეტესობა სოლომენსკის რაიონშია. ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 13 წლის ბიჭს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს”.
სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი მრავალსართულიან კორპუსში გაჩნდა, დაზიანდა რამდენიმე ბინის აივანი. იმავე რაიონში მანქანებს და არასაცხოვრებელ ორსართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსში სარაკეტო ქობინი იპოვეს, რომელიც არ აფეთქებულა.
კიევის დარნიცკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნგრევა და ხანძარი არ მოჰყოლია.
პეჩერსკის რაიონში არასაცხოვრებელ სახლში ხანძარი ჩააქრეს.
რაც შეეხება უკრაინის სხვა ქალაქებს, რომლებიც ოკუპანტების სამიზნე გახდა – ხარკოვში 3 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ორი ქალის მდგომარეობა მძიმეა.
მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქზე იერიში ღამით და გამთენიისას განხორციელდა. დილის იერიშის შედეგად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო დაზიანდა. მაშველები ნანგრევების გაწმენდას ცდილობენ, რომ ქვეშ ადამიანები იპოვონ.
დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადში ერთი ადამიანი დაიღუპა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, „კიდევ ერთ მამაკაცს ექიმები ყველა საჭირო დახმარებას უწევენ! ის ცოცხალია“.