ერაყში მომუშავე, გაეროს თანამშრომლები ადგილობრივი ბიზნესისგან ქვეყნის აღსადგენად გაეროს კონტრაქტების მისაღებად ქრთამს ითხოვენ.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.
საუბარია Funding Facility for Stabilization-ის დაფინანსების პროგრამაზე, რომლის განხორციელება გაერომ ერაყში 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მთლიანი მოცულობა, დაახლოებით, 1,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თანხებს 30 დონორი უზრუნველყოფს, მათ შორის, ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ა.შ.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელმძღვანელობს.
The Guardian-ის ცნობით, ერაყში მომუშავე, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლები კონტრაქტის გაფორმებისთვის ხელშეკრულების მოცემულობიდან 15%-ს ითხოვდნენ.
გამოცემა გაეროს სამი თანამშრომლისა და ოთხი ადგილობრივი კონტრაქტორის მონაცემზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის წყაროს ცნობით, UNDP-ში შემოწმების თავიდან აცილების მიზნით, ხელშეკრულების ძირითადი პირობები ისახება ზეპირად და პირადი შეხვედრის დროს და არა ქაღალდზე. გარიგების გარანტორებად, ხშირ შემთხვევაში, არიან გავლენიანი ერაყელები, მათ შორის, სამთავრობო ჩინოვნიკები.
”თავის წილ ანაზღაურებას მესამე მხარეებიც იღებენ. კონტრაქტორებად ირჩევენ გავლენიან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კავშირები და ძალაუფლება,” – ამბობს გაზეთის წყარო.
The Guardian-ის მასალას UNDP-ში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება. ნებისმიერი ბრალდება ან ეჭვი, საფუძვლიანად არის გამოძიებული დამოუკიდებელი აუდიტისა და შესაბამისობის ორგანოს მიერ“.