„პაოლო იაშვილი, ცხოვრების და შემოქმედების წიგნი“ – კრებულის წარდგენა გაიმართება

29 იანვარს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემული კრებულის „პაოლო იაშვილი, ცხოვრების და შემოქმედების წიგნი“ პრეზენტაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებული ეპოქის სურათებთან ერთად, ერთდროულად გამოხატავს: პოეტის ყოფიერების არტისტიზმს და დრამატიზმს; მის შინაგან ძალასაც და საკუთარ დროებაში დაუცველობას. შეძლებისდაგვარად, მოთხრობილია ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რის გამოც „ცისფერყანწელთა“ გაცხადებული იდეალი: „პოეტმა უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია“ საბედისწეროდ განუხორციელებელი დარჩა.
„წიგნი წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების რჩეულს, თანამედროვეთა მოგონებებს, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცულ იშვიათ დოკუმენტებს, კომენტარებით. კრებულს ახლავს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ლიტერატურული პროცესების და შემოქმედებითი გარემოს მიმოხილვა, სათაურით, „მოდერნისტული ტფილისი“.
კრებულის ვიზუალური მხარე, საარქივო ფოტოებსა და ხელნაწერებთან ერთად, მოიცავს სპეციალურად ამ გამოცემისთვის გადაღებულ მემორიალურ ადგილებს ქუთაისსა და თბილისში. მათ შორის, პოეტის მამის, ჯიბო იაშვილის სახლს ქუთაისში, იშვიათი რელიკვიებით. აგრეთვე სახლ-მუზეუმს სოფელ არგვეთში და მწერალთა სახლში გახსნილი, პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილი დროებით ექსპოზიციას. ზოგიერთი მასალა ქვეყნდება პირველად და რეპრესიების შემდგომ გადარჩენილ მემკვიდრეობას და ბიოგრაფიის დაკარგულ ფურცლებს ნაწილობრივ ავსებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
წიგნის შემდგენელი და რედაქტორი – ნინო ხოფერია; დიზაინერი და ფოტოგრაფი – ზვიად მიქელაძე.
კრებული გამოცემულია ევროპული ფონდ „ჰორიზონტისა“ და საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები