ბრიტანეთში ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ახალი პრეპარატი – ბლინატომუმაბი დაამტკიცეს, რომელიც ქიმიოთერაპიაზე ნაკლებ გვერდით ეფექტებს იწვევს.
წამლის გამოყენება პირველმა, ქვეყნის უდიდესმა ბავშვთა საავადმყოფომ, ლონდონში მდებარე Great Ormond Street Hospita-მა დაუწყო.
ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ამ პრეპარატის უპირატესობა იმაშიცაა, რომ მისი მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც.
ბლინატუმაბი მიეკუთვნება ე.წ. „ბიოლოგიური“ პრეპარატების ჯგუფს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი ანტისხეულების ანალოგები, რომლებიც წარმოიქმნება ცოცხალ ორგანიზმებში. ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.
პრეპარატი სხვადასხვა ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ გამოიყენება. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მხოლოდ კიბოს უჯრედებს „ესხმის თავს“, ჯანსაღი უჯრედები არ ზიანდება და, როგორც წესი, პაციენტები ამას ბევრად უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე ქიმიოთერაპიას, რომელიც ანადგურებს არა მხოლოდ დაავადებულ უჯრედებს, არამედ ჯანმრთელებსაც.
ბლინატუმაბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენება ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია, უსაფრთხოდ დაეხმაროს ბავშვებსაც.