ჯაზი, სიყვარული და იმპროვიზაცია…

      ის მოვლენად აღიარეს მსოფლიო ჯაზის სამყაროში და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ჯაზის ცოცხალი ლეგენდები მას ვიტუოზად მოიხსენიებენ და მასთან ერთად ალბომებს წერენ. ბექა გოჩიაშვილი მხოლოდ 18 წლისაა და მისთვის უკვე ყველა კარი ფართოდ ღიაა… ყველაფრის მიუხედავად, თვითკმაყოფილება არ უგრძვნია, მომავალს არასოდეს გეგმავს, მაგრამ ისახავს მიზნებს, რომელსაც ყოველთვის აღწევს…

– რა ასაკში მოისმინე პირველად ჯაზი და რა დაგამახსოვრდა?
– პირველად მამაჩემი უკრავდა იმ „რეგ-თაიმს“, რომლითაც მე დამაწყებინა დაკვრა და სწორედ მაშინ მოვისმინე ჯაზი სულ პირველად. ბუნდოვნად მახსოვს რაღაც დეტალები, მაგალითად, როცა მამაჩემი მეცადინეობდა გამებს, გამებიც კი დიდ მუსიკად მეჩვენებოდა, გვერდზე ვედექი საათობით და ვუყურებდი. შემდეგ განვითარდა სმენაც და გემოვნებაც. დავიწყე ჯაზის მოსმენა – რასაც მამაჩემი უკრავდა და მეცადინეობდა. 3 წლის რომ ვიყავი, დავუკარი სკოტ ჯოპლინის „რეგ-თაიმი“.
4 წლის რომ გავხდი, მამაჩემმა ოსკარ პიტერსონის ვიდეოკასეტა მომიტანა, რომელიც ჩემი ძილის წამალი გახდა. ერთი კვირის მერე კი ჩემი მუსიკალური მამის, ქეით ჯარეტის ვიდეოკასეტა მომიტანა. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო ჯარეტი და ზუსტად 2 ნოტში გამაცნო თავი. არ მინდა მკითხველმა ცუდად გაიგოს, მაგრამ როცა ჯარეტის ვიდეოკასეტა მოვისმინე, იმ დღესვე შემოვდე პიტერსონის კასეტა თაროზე და აღარც მომისმენია, სანამ არ გამოვედი ჯარეტის ფანატიზმიდან. ჯარეტი დღესაც ჩემი უსაყვარლესი პიანისტია და, რაღა თქმა უნდა, ოსკარ პიტერსონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯაზის განვითარებაში.
– რამდენი წლის იყავი, როცა გადაწყვიტე რომ მუსიკოსი გახდებოდი?
– 4 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ მე და მუსიკა აღარასოდეს გავიყრებოდით, რომ ის ცხოვრების ბოლომდე ჩემი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა.
– ვინ მოახდინა შენი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაზე, ყველაზე დიდი გავლენა?10622183_10202967120885232_748279334_n
– ყველაზე დიდი გავლენა ჩემს მომავალზე, იმაზე, რასაც დღეს წარმოვადგენ, ჩემმა პედაგოგმა ზურა რამიშვილმა მოახდინა, მისი ღვაწლი, მართლაც, შეუფასებელია და ეს ყოველთვის მახსოვს. მთავარი ის კი არ იყო, რომ ყოველ გაკვეთილზე რაღაც ახალს მასწავლიდა, მთავარი ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იყო – პედაგოგზე მეტად მეგობარი გახდა თავიდანვე და არანაირი შეზღუდვა მისგან არ მიგრძვნია, რის გამოც მისი გაკვეთილები მეცადინობა კი არა, მუსიკის პატარა დღესასწაულები იყო ჩემთვის… მოკლედ, ზურა ჩემი გურუა (იცინის).
ზურას გარდა, კიდევ უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილება და შეიტანა წვლილი ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში, მინდა ორი სიტყვით გავიხსენო ისინი და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება. მაგალითად, ნიკა რურუა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა და არის ჩემი უფროსი მეგობარი, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შემიძლია ლაპარაკი. ბებე ლორთქიფანიძე – ჩემი კიდევ ერთი მამობილი და უფროსი მეგობარი, რომელმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აღზრდაში და მუსიკოსად ჩამოყალიბებაში. თამაზ ყურაშვილი – მუსიკოსი, რომელმაც პირველად ახსნა და გაიგო საქართველოში, თუ რა არის „სვინგი“. თენგიზ ჩიტაიშვილი – ჩემი კლასიკური მუსიკის მასწავლებელი. ნონა და გია შენგელაიები – ჩემი 2 უახლოესი ადამიანი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი განვითარებისთვის – ჩემი მეორე ოჯახი.
– იცი რა მაინტერესებს? მთელი ბავშვობა მარტო მუსიკის გაკვეთილები იყო, თუ სხვა ბავშვებივით შენც თამაშობდი ფეხბურთს?
– არა, მარტო მუსიკის გაკვეთილები არ ყოფილა (იცინის) – ყველაფერი იყო, ფეხბურთიც, „შატალოებიც“ და „ბირჟაზე“ დგომაც, ოღონდ მცირე დოზით (იცინის).
– როდის მოვიდა წარმატება, როდის ჩათვალე თავად, რომ უკვე წარმატებული ხარ?
– „წარმატება“ ჩემთვის ერთი კონკრეტული მიღწევა არ არის, ეს უფრო მიღწევათა ერთობლიობაა. ჩემთვის მთავარი წარმატება მუსიკოსობა და ზემოთ ხსენებული ადამიანების გვერდით ყოფნაა. Montreux Jazz Piano Competition-ზე გამარჯვება, ჩიკ კორეასთან დაკვრა და ალბომის ჩაწერა, სტენლი კლარკის ბენდში ყოფნა, დიდ მუსიკოსებთან ურთიერთობა და მათთან ერთად დაკვრის ბედნიერება სწორედ ამ მთავარი წარმატების ნაყოფია.
– ჯაზის გარდა, კიდევ რა ჟანრის მუსიკას უსმენ?
– ჯაზის გარდა ვუსმენ და ვუკრავ კლასიკურ მუსიკას, რომელიც, ჩემის აზრით, აუცილებელია ყველა მუსიკოსისთვის, რა მიმართულებითაც არ უნდა მოღვაწეობდეს ის. პირადად მე როკსაც ვუსმენ და ჰიპ-ჰოპსაც, ჯაზმენს მრავალფეროვნება მოეთხოვება… ჩარჩოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცე, არც მუსიკაში და არც სხვა დანარჩენში – მე ასე მჯერა…
– შენ არამარტო კარგად ასრულებ სხვის მუსიკას, არამედ თავადაც ქმნი მას… როდის დაწერე შენი პირველი ნაწარმოები?10708340_10202967110564974_2065938490_n
– 10 წლის ვიყავი… „My Teacher“ („ჩემი მასწავლებელი“) დავარქვი და ზურა რამიშვილს მივუძღვენი…
– სულიერ საზრდოს, შთაგონებას რაში პოულობ ?
– ინსპირაციის მთავარი წყარო, პირადად ჩემთვის სიყვარულია… ყურებამდე შეყვარებული ვარ (იცინის). ნინიკო ჩემი მუზაა, არამარტო მუსიკაში, ზოგადად – ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ სულიერადაც ისეთივე ლამაზი აღმოჩნდა, როგორც ფიზიკურად… 2 თემა მივუძღვენი –  Song to Niniko და Passionately in Love. რაც უფრო დრო გადის, შეყვარებულის გარდა, ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა.
სიყვარულის გარდა, სულიერ საზრდოს წიგნები და კინო, ზოგადად ხელოვნება მაძლევს, ვფიქრობ, ამის გარეშე მუსიკოსი სრულყოფილი ვერ იქნება. ინსპირაციის გარეშე ღირებულს ვერაფერს შექმნი… სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი არ არის, რაც წიგნებით დავინტერესდი, ეს, პირველ რიგში, ნონას და გიას (ჩემი დედობი-მამობილი) დამსახურებაა. სხვათა შორის, ნიკა რურუასაც აქვს აქვს ამ საქმეში წვლილი შეტანილი (იცინის).
– ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?
– გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“… საოცარი წიგნია, ღრმა და ემოციური… შთაბეჭდილება, რომლის გამოთქმაც სიტყვებით მიჭირს, ვეცადე მუსიკით გადმომეცა… ერთ-ერთ პერსონაჟს, ანა-მარიას, თემა დავუწერე – “Anamaria’s Innocence”.
– ორი სიტყვით, შენს უახლოეს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი
– 5 ოქტომბრიდან სტენლი კლარკის ბენდთან მაქვს ტური, ჯერ შტატებში და შემდეგ ევროპაში. 27 ოქტომბერს თბილისის ჯაზფესტივალზე ვუკრავთ, რაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ვეცდები, არ გავუცრუო მსმენელს იმედები. 15 ნოემბერს ვრჩებით ტურს ლონდონში, ერთი კვირის შემდეგ კი ჩემს ტრიოსთან ერთად მეწყება 15 – დღიანი ტური. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვს და ორივეზე ბევრს ვმუშაობ.

გიორგი მიქაძე

10617352_10202967113685052_899697341_n

10617392_10202967119725203_194536578_n

10704835_10202967111564999_1904583700_n

10705038_10202967109444946_2063183566_n

10705040_10202967110044961_1596131469_n

10707885_10202967112565024_1716055075_n

10711517_10202968094149563_1398974106_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები