ერმაკი: უკრაინამ ორ წელიწადში დაამტკიცა, რომ ომის მოგება შეუძლია
უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და დასავლეთის დროული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს დემოკრატიის ერთობლივ გამარჯვებას დიქტატურაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული სადისკუსიო პანელის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული სამყარო გაერთიანდა და ეხმარება უკრაინას, რომელსაც ეს მხარდაჭერა სჭირდება რუს აგრესორთან საბრძოლველად.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დახმარება დროულად გვჭირდება. ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ რუსული ფლოტის ნებისმიერი დომინირება შავ ზღვაში. მიუხედავად ყველა მოლაპარაკებისა, ჩვენ გავხსენით ახალი დერეფნები მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის, ჩვენ არ წავედით რაიმე დათმობაზე“, – განაცხადა ერმაკმა.