“რუსეთი მარცხდება სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური, ინოვაციური თვალსაზრისით- ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სტრატეგიულ მიზნებში მარცხდება.

“პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი – რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების, თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან; უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო; და უკრაინამ განამტკიცა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული”,- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი ​დიპლომატიურადაც მარცხდება.

“ფინეთი ნატოს შეუერთდა, ამ გზას მალე შვედეთიც გაიმეორებს, უკრაინა კი ევროინტეგრაციის გზაზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია, თუმცა უკრაინას სჭირდება დაფინანსება, მათ შეიარაღება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა რუსეთის მომავალი თავდასხმები მოიგერიონ. მათ ასევე სჭირდებათ იმედი. უნდა იცოდნენ, რომ ტანჯვის შემდეგ საკუთარი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შექმნიან. უკრაინის უკეთესი მომავალი კი ევროპაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები