საბაჟოებზე აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის “ვალეს” თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე ა.ა.-ის ბარგის დათვალიერებისას მათ 18 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი “დიფენოქსილატი” აღმოაჩინეს.
ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი “კატარინ ფორტე” (20აბი) აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ხელბარგშიც, ხოლო აშშ-ის მოქალაქე ჯ.ე.ჟ.-ის ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატები -“დიაზეპამი”(32 აბი) და “ოქსაზეპამი” (4 აბი) აღმოაჩინეს.
ყველა ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
იმავე დღეს სგპ “სარფის” ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ.ა., რომელსაც დათვალიერებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ,,სუბოქსინი” – 31 აბი და 1 ნატეხი. ეს საქმე შემდგომი რეგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.