მარნეულში დაჭრილი მოზარდის ბიძა: ბავშვი უგონო მდგომარეობაში მინდორში დაგდებული იპოვეს, სისხლში ცურავდა და ძლივს ამოიცნეს
მარნეულში დაჭრილი მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ახლობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგში აქვს მიყენებული და ის კომატოზურ მდგომარეობაშია.
ადგილობრივების განმარტებით, დაკავებული პირი და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი თანასოფლელები არიან, შემთხვევის დღესაც, ისინი ერთად, მაღაზიაში დაინახეს. არასრულწლოვნის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფილიყო.
დაჭრილი მოზარდის ბიძის თქმით, ვინც ეს ჩაიდინა 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა.
„უბედურება დატრიალდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, ძლივს ამოიცნეს, მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში, ბავშვის ბიძა ვარ, ჩვენ გვიან გავიგეთ, პირდაპირ კლინიკაში მოვედით და მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით, როგორც გვეუბნებიან, ჯერ კომაშია. ეს ვინც ჩაიდინა, ის ადამიანი არაა, 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ არასრულწლოვნის ბიძა.
„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ დაჭრილის ახლობელი.
ცნობისთვის, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მარნეულში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის მინდორში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.