“17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება რეალობას არ ეფუძნება” – თენგიზ შარმანაშვილი
“17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “თავდასხმა როცა ასეთი ორგანიზებული, ორკესტრირებული და საფუძველს მოკლებულია, რეაქცია უნდა გქონდეს”.
” მათი განცხადება არაფერ რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება დიდი ხანია, გრძელდება. არანაირ არგუმენტს არ ისმენენ, არადა, ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი არგუმენტი წარმოვადგინეთ. ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება საკმარისი უნდა ყოფილიყო, ასევე დამკვირვებლების, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსამართლო დამოკიდებულებას აგრძელებენ. ახალი სანქციები გასაკვირი არ იქნება, რადგან პირველი შემთხვევა არ იქნება. ისინი მართლმსაჯულების საკითხებშიც უხეშად ერევიან, რაც დაუშვებელია. ისეთ მოსამართლეებზე ჰქონდათ საუბარი, რომელთა გადაწყვეტილებებიც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა იმ გაგებით, რომ თქვა, მართლმსაჯულება სრულყოფილი იყოო. ასეთ ვითარებაში, ვინმემ ბოდიში მოიხადა, რომ ეს მოსამართლეები ტყუილად დაასანქცირეს? – რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება, თუ უსამართლო დამოკიდებულება ხვალ ისევ გაგრძელდება. ხომ დაინახეს, რომ არაფრის გვეშინია. განა იმიტომ, რომ სანქციები სასიამოვნოა და ვინმეს რაიმეს მატებს, უბრალოდ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ჩვენი დასანქცირება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.