„გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას“ – ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენმდივნის მოადგილე
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა ჟენევაში დიპლომატებს მოუწოდა, რომ უკრაინა არ დაივიწყონ.
აღნიშნული განცხადება გრიფიტსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დონორებს 2024 წელს უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად 4,2 მილიარდი დოლარის დახმარების თხოვნით მიმართა.
„გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ უკრაინას მაშინ, როცა მსოფლიოში ბევრი სხვა ადგილია, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს.
ჩვენ მიზანმიმართულად ვამცირებთ იმ თანხის რაოდენობას, რომელსაც ვითხოვთ – არა იმიტომ, რომ გვგონია, რომ საჭიროებები მცირდება ან ომის პირობები უკეთესდება უკრაინელი ხალხისთვის – არამედ იმიტომ, რომ პრიორიტეტები უნდა ავირჩიოთ.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ სასტიკ კონკურენციაში ვართ მსოფლიოს სხვა ნაწილებთან, დახმარების პროგრამების ერთმანეთთან შეჯიბრის სასტიკ სიმართლეში.
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ წვდომა იმ ადამიანებთან, რომლებსაც, ალბათ, ყველაზე გადაუდებელი საჭიროება აქვთ, რადგან უკვე ორი წელი გავიდა, რაც მათ რაიმე რეალური, ეფექტური, რეგულარული, სანდო ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს“, – აღნიშნა მარტინ გრიფიტსმა.