ნატოს მასშტაბურ სწავლებაზე ბრიტანეთი 20 ათას სამხედროს გაგზავნის
ნატოს მასშტაბური სამხედრო სწავლება Steadfast Defender-ში მონაწილეობის მისაღებად ბრიტანეთი 20 ათას სამხედროს გაგზავნის.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
სწავლება 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსალოდნელია, რომ დღეს ქვეყნის თავდაცვის მდივანი შესაბამისი შინაარსის განცხადებას გააკეთებს.
აღნიშნულია, რომ ჯარების განლაგება „ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი წვრთნების“ ფარგლებში, მოიცავს თებერვლიდან ივნისამდე აღმოსავლეთ ევროპაში 16 ათასი ჯარისკაცის, ასევე ტანკების, არტილერიისა და ვერტმფრენების განლაგებას.
გარდა ამისა, საზღვაო და საჰაერო ძალების ნაწილში ჩართული იქნება დამრტყმელი ჯგუფის F-35B-ის გამანადგურებლები და სადაზვერვო Poseidon P8.