თენგიზ ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის
ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, მომატებულია კლინიკების დატვირთვაც, მაგრამ ამის დრამატიზება აბსოლუტურად არ არის საჭირო, საპანიკო არაფერია,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ტყუილია თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის.
“ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს,“ – აღნიშნა ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან”.