თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილ მოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, იაქტიურონ, რადგან ამ ორი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.