14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მწერალთა სახლში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
“1850 წლის 14 იანვარს (ძველი სტილით 2 იანვარს) თბილისის გიმნაზიის შენობაში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ერისთავის, თაოსნობით მისივე კომედია „გაყრა“ დაიდგა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ სპექტაკლით აღდგა ქართული პროფესიული თეატრალური ცხოვრება.
წელს, ამ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და შემოქმედებითი კავშირის, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“, ორგანიზებით, მწერალთა სახლში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ჟურნალის – „თეატრი და ცხოვრება“ (ამჟამად ჟურნალი „თეატრი“) – დაარსების 115-ე წლისთავს მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო გასულ თეატრალურ სეზონზე გამოცემული ჟურნალის ექვსივე ნომერი. ღონისძიებას დაესწრნენ თეატრალური სფეროს წარმომადგენლები და ქართული თეატრის ერთგული ქომაგები. ღონისძიებაზე შეჯამდა გასული წლის თეატრალური ცხოვრება, გამოვლინდნენ გამარჯვებულები კონკურსისა „სეზონის საუკეთესო სცენური ნამუშევრები“ და გაიცა თეატრალური საზოგადოების სპეციალური ჯილდოები და პრიზები. დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარა იდეები გეგმებისა და მომავალი საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ თეატრალური სფეროს ყველაზე ტრადიციული და სტაბილური პროფესიული პერიოდული ორგანო – ჟურნალი „თეატრი“ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცემა.
ასევე, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში მოეწყო საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი გეგეჭკორის, დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ასახავს მსახიობის მიერ ქართულ თეატრსა და კინოში შესრულებულ როლებს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თეატრალური საზოგადოებისა და, საზოგადოდ, კულტურის წარმომადგენლებს ულოცავს ქართული თეატრის დღეს და ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.