ოფიციალური თეირანი გმობს იემენის წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აგრესიას
ირანმა დაგმო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ირანი გმობს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აგრესიას იემენის წინააღმდეგ. ეს გაუმართლებელი ომი არღვევს იემენის სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებასა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.
ირანმა გააკრიტიკა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის „უკანონო ქმედებები“ და განაცხადა, რომ „მათი წინააღმდეგობა რუსეთის მიერ რეზოლუციის ცვლილებებთან დაკავშირებით მიანიშნებს ამ აგრესიის წინასწარ განზრახვაზე“.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ასევე გააკრიტიკა თავდასხმები და სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „იემენზე სამხედრო თავდასხმის ნაცვლად, თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობა თელ-ავივთან ღაზას და დასავლეთ სანაპიროს ხალხის წინააღმდეგ, რათა უსაფრთხოება დაუბრუნდეს მთელ რეგიონს.“.
ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე. თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ეს არის პასუხი „ჰუსიტების“ უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.