უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დღეს კიევში უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის სახელწოდებაა “უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.

უსაფრთხოების ეს შეთანხმება პირველია იმ ხელშეკრულებებს შორის, რომელიც შეთანხმებულია ვილნიუსის ნატოს სამიტზე – უკრაინას, “დიდი შვიდეულის” სახელმწიფოებს და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მათ შეუერთდნენ.

როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის ვალდებულებები ძალაში ნატოში უკრაინის გაწევრიანებამდე იქნება.

„ასეთი გარანტიები 1991 წელს რომ ყოფილიყო მიღწეული, კერძოდ, ბრიტანეთთან, მაშინ ომი არ დაიწყებოდა“, – თქვა მან.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „პირველი უსაფრთხოების გარანტიებიდან, რომელსაც უკრაინამ მოაწერა ხელი“. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იყო პირველი, ვინც უკრაინას ლეტალური იარაღი, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა იარაღი მიაწოდა.

როგორც ლიდერებმა  განაცხადეს,  შეთანხმება ითვალისწინებს, რომ იგი გაგრძელდება ათი წლის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუმცა, თუ უკრაინა ნატოში ვადის ამოწურვამდე გაწევრიანდება, დოკუმენტი ძალას დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები