პოლონეთის პრეზიდენტი დაკავებულ ყოფილ შს მინისტრს და მის მოადგილეს მეორედ შეიწყალებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრის და მისი მოადგილის, ამჟამად კი პარტია “კანონისა და სამართლიანობის” წევრების – მარიუშ კამინსკის და მაცეი ვონსიკის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
დუდამ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო სასახლეში დაკავებული პოლიტიკოსების ცოლებთან შეხვედრის დროს მიიღო.
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2015 წლის „მოქმედია და კონსტიტუციის შესაბამისად არის გაცემული“.
“თქვენი თხოვნით, ვიწყებ შეწყალების პროცედურას. ეს არის საპრეზიდენტო პროცედურა და პირველი ნაბიჯით გენერალურ პროკურორს მივმართავ”, – თქვა დუდამ.
მან დასძინა, რომ ”ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ მოხდეს მოვლენების ესკალაცია”.
“იმედი მაქვს, რომ გენერალური პროკურატურა სწრაფად განიხილავს ჩემს განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე”, – დაასკვნა პრეზიდენტმა.
კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე, მაცეი ვონსიკი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ 2007 წელს ე.წ.”მიწის საქმეში” უფლებამოსილების გადამეტება, როდესაც ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ. იმ დროს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას, პირველად, პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი იკავებდა.
2015 წლის მარტში ვარშავის რაიონულმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ისინი შეიწყალა. გასული წლის ივნისში კი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ საკასაციო აპელაციების შემდეგ, საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და ის სასამართლოს დაუბრუნა.
2023 წლის დეკემბერში ვარშავის რეგიონალურმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
8 იანვარს კი ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათი დაკავების ორდერი გასცა.