ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას სამი წლის განმავლობაში 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს.
„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ – დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს შეზღუდვები უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე“, – განაცხადა კარისმა.
მანვე დასძინა, რომ ესტონეთს უკრაინის აღდგენის კონკრეტული გეგმები აქვს, რისთვისაც სამართლიანი იქნებოდა გაყინული რუსული აქტივების გამოყენება.
ბალტიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში ზელენსკი დღეს ესტონეთში ლიეტუვიდან ჩავიდა, ხვალ კი უკრაინის ლიდერი ლატვიას ეწვევა.