“ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება ბიზნესს ფასების სტაბილურად შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს” – ნოდარ სირბილაძე
სემეკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის წარმოების პროცესში ხარჯები მცირდება. ცხადია, ბიზნესის სხვადასხვა სექტორი წარმოების პროცესში ელექტროენერგიას განსხვავებული მოცულობით მოიხმარს, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ხარჯები სხვადასხვა პროპორციით ყველასთვის შემცირდება ვინც კი საქონლის საწარმოებლად ელექტროენერგიას მოიხმარს. ამის ნათელი დადასტურებაა სემეკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, როგორც „თელმიკოს“, ისე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასები ელექტროენერგიაზე შემდეგნაირად შემცირდა:„თელმიკოს“ კომერციული
მომხმარებლისთვის ფასების შემცირება:
მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.96%-ით
საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.12%-ით
დაბალი ძაბვა (0.4კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.11%-ით
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასების შემცირება:
მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.61%-ით
საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.71%-ით
დაბალი ძაბვა (0.4 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.39%-ით
აღნიშნული პროცესი რომ უფრო გავამარტივოთ შეგვიძლია მაგალითიც მოვიყვანოთ. ბიზნესს ორი ტიპის ხარჯი გააჩნია, კერძოდ, ფიქსირებული და ცვლადი. ფიქსირებულად ითვლება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დამოკიდებული წარმოებული საქონლის რაოდენობაზე. ფიქსირებული ხარჯების მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ იჯარის და ხელფასის ხარჯები. სულ ერთია, მაგალითად, რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებს ქარხანა, მას მაინც მოუწევს რომ გადაიხადოს როგორც იჯარის ხარჯი, ისე, ბუღალტრისთვის გადასახდელი ხელფასი. თუმცა იგივე ღვინის ქარხნისთვის ცვლადია ის ხარჯები, რომლებიც ღვინის წარმოებაზეა მიბმული. მაგალითად, რაც უფრო მეტ ღვინოს დაამზადებს ქარხანაში, მას მით უფრო მეტი ელექტროენერგია დასჭირდება, რაც ცვლად ხარჯს კიდევ უფრო მეტად ზრდის. იმ ფონზე, როცა საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება, გამოდის, რომ ცვლადი ხარჯებიც შესაბამისი პროპორციით იკლებს ღვინის წარმოების ზრდის პარალელურად. მაგალითად, თუ საწყისი ტარიფის დროს 100 ლიტრი ღვინის წარმოებას სჭირდებოდა 10 ლარის ელექტროენერგია, ტარიფების შემცირების პირობებში ეს ხარჯი იკლებს.
რას გამოიწვევს ტარიფის შემცირება?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირება იწვევს, ცვლადი ხარჯების შემცირებასაც. სხვა თანაბარ პირობებში, ელექტროენერგიის გაიაფება ბიზნესს ზღვრული ხარჯები შეუმცირდება. ზღვრული ხარჯები (MC) კი გულისხმობს საქონლის დამატებითი ერთეულის წარმოებით გამოწვეულ ცვლილებას მთლიან ხარჯში. ამ პროცესს, საბოლოოდ, მივყავართ იქამდე, რომ ბიზნესსექტორს საკუთარ წარმოებულ საქონელზე ფასების სტაბილურად შენარჩუნების შესაძლებლობა გააჩნია. ფასების სტაბილურობით კი საბოლოოდ მომხმარებელი რჩება მოგებული, რადგანაც მისი ფულის მსყიდველობითი უნარი ნარჩუნდება და მას შესაძლებლობა აქვს, რომ გარკვეული საქონელი სტაბილურ ფასებში შეიძინოს. სწორედ აღნიშნულ პათოსს იზიარებს ბიზნესსექტორიც. მაგალითად, პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ წყლის ტარიფის ზრდა პურის მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებამ დააბალანსა, რის გამოც პურის ფასი არ გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფასების სტაბილურობასა და დაბალანსებაზე აკეთებენ აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილიც.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირება ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს სხვა თანაბარ პირობებში არსებული ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სემეკის ვარაუდით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
წყარო – energynews.ge