აშშ-ის თავდაცვის მდივანს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოსტინს მინიმალური ინვაზიური პროცედურის შედეგად, რომელიც მან განკურნების მიზნით ჩაიტარა, გართულებები განუვითარდა.
გართულებებმა გამოიწვია ის, რომ ოსტინი 1-ელ იანვარს უოლტერ რიდში შეიყვანეს და საბოლოოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
როგორც უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, კიბო დეკემბრის დასაწყისში, პროსტატის სკრინინგის რუტინულ ლაბორატორიულ ტესტებში აღმოაჩინეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანს 22 დეკემბერს ქირურგიული პროცედურა, პროსტატექტომია ჩაუტარდა, რა დროსაც ის ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა.
„ოსტინი ოპერაციიდან მალევე გამოკეთდა და მეორე დილით სახლში დაბრუნდა. პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და მისი პროგნოზი შესანიშნავია“, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.