Bloomberg: უკრაინამ, „დიდმა შვიდეულმა“ და სამხრეთის ქვეყნებმა „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს

უკრაინამ, „დიდმა შვიდეულმა“ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცირე ჯგუფმა, გასულ თვეში, უკრაინის „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე, 16 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლების შეხვედრა საუდის არაბეთში შედგა.

შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ გამიზნული იყო იმისკენ, რომ მონაწილე ქვეყნებს იქ ყოფნის გამო თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

მონაწილეთა თქმით, მცირე ფორმატმა მათ საშუალება მისცა, უფრო თავისუფალი და გულწრფელი დისკუსია ჰქონოდათ უკრაინის „მშვიდობის ფორმულასა“ და ამ პროცესის წინსვლის გეგმებთან, ასევე რუსეთთან მომავალში პოტენციური ურთიერთქმედების პრინციპებთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ ყოფილა.

უკრაინა და G7-ის ფარგლებში მისი პარტნიორები რუსეთთან უშუალო ჩართულობის თაობაზე, გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოწოდებებზე წინააღმდეგობას აგრძელებენ.

საიდუმლო შეხვედრას ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, ხოლო ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავისი წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

კიევმა და G7-ის ფარგლებში მისმა პარტნიორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მოსაზრება, რომ სამართლიანი მშვიდობა უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას და განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინის მიზნები არ შეცვლილა და ის არ აჩვენებს სერიოზულ სურვილს, ჩაერთოს არსებით მოლაპარაკებებში ან პატივი სცეს წინა შეთანხმებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები