სერიალ „ფაუდას“ ვარსკვლავი ღაზაში ბრძოლის დროს მძიმედ დაშავდა
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და მომღერალი, იდან ამედი, ღაზაში ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახისა წევრები ავრცელებენ.
მათი თქმით, დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამედი, რომელიც წარმოშობით ქურთია, ცნობილი მომღერალია და იყო Netflix-ის ჰიტად ქცეული სერიალის, Fauda-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელშიც ის ისრაელის სამხედროების ერთ-ერთ სპეცდანიშნულების რაზმს თამაშობს.
დაჭრამდე ცოტა ხნით ადრე იდან ამედი ისრაელის ტელეარხს ღაზაში ომის შესახებ ესაუბრა.
„სიგიჟეა, რაც მათ [„ჰამასმა“] აქ ჩაიდინეს. ოპერაცია ძალიან ცენტრალურ მარშრუტზეა. ჩვენ აქ ვიპოვეთ კილომეტრიანი გვირაბები, იარაღი, თუნდაც სპეციალური იარაღი. ბოლო ორი დღე მისი განადგურების მცდელობით ვიყავით დაკავებულები“, – თქვა მან.