სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცისგან კერძების მომზადება აიკრძალა
სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ძაღლის ხორცის დანაწევრებას და გაყიდვას.
ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, ლი სანგ-კიუნგმა თქვა, რომ ”ჩვენ გვჯერა, რომ ეს აკრძალვა წარმოადგენს მნიშვნელოვან შემობრუნებას სამხრეთ კორეის მიდგომაში ცხოველთა დაცვის მიმართ”.
კანონის მიხედვით, მათ, ვინც ძაღლებს დასაკლავად და მათი ხორცის გავრცელებისთვის ზრდის, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 20 მილიონ ვონამდე ჯარიმა ემუქრება. მათ კი, ვინც ძაღლების დაკვლაშია ჩართული – სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 30 მილიონ ვონამდე (22 800 დოლარი) ჯარიმა ემუქრება.
თუმცა, კანონის აღსრულება სამწლიანი საშეღავათო პერიოდის გასვლიდან – 2027 წელს დაიწყება.
იქამდე ძაღლის ხორცის მეურნეობებმა, დისტრიბუტორებმა და რესტორნებმა თავიანთი ბიზნესი რეგიონალურ ადმინისტრაციაში უნდა დაარეგისტრირონ, რომ, ასეთი საწარმოების დახურვის მიზნით, სახელმწიფოსგან სუბსიდიები და მხარდაჭერა მიიღონ.
სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, სამხრეთ კორეაში ამჟამად, დაახლოებით 1150 ძაღლის ფერმაა, 34 ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა, 219 დისტრიბუტორი და დაახლოებით, 1600 რესტორანია, რომლებიც ყიდიან ძაღლის ხორცისგან დამზადებულ საკვებს.
კანონპროექტი მმართველი “სამოქალაქო ძალის” გადაწყვეტილებით მომზადდა იმ ფონზე, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძაღლის ხორცის მოხმარება შემცირდა და საერთაშორისო საზოგადოებაში ასეთი კერძების არსებობა უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.