“აღარ სურს იზოლირებულად ყოფნა” – ანდერს ბრეივიკი სხვა პატიმრებთან გადაყვანას ითხოვს

ნორვეგიელმა ულტრამემარჯვენე ტერორისტმა, ანდერს ბრეივიკმა რინგერიკის ციხეში მისი იზოლირებული პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ სხვა პატიმრებისგან იზოლაციის 12 წლის განმავლობაში ბრეივიკს სუიციდური აზრები და ანტიდეპრესანტებისადმი დამოკიდებულება განუვითარდა.

ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანდერს ბრეივიკი სხვა პატიმრებისგან იზოლირებული უნდა რჩებოდეს, რადგან ისევ ქმნის ციხის უსაფრთხოების საფრთხეს. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ მისი იზოლაცია “პირობითი ნათქვამია”, რადგან ტერორისტი ურთიერთობს ბადრაგთან, მღვდელსა და ჯანდაცვის მუშაკებთან. უფრო მეტიც, ბოლო დრომდე ის კონტაქტობდა მოხალისესთან, რომლის დანახვაც მას “აღარ სურს”.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ საკანში, სადაც ანდერს ბრეივიკი იმყოფება, არის სავარჯიშო ოთახი, სამზარეულო, ტელევიზორი და აბაზანა. მას სამი თუთიყუშის დატოვების უფლებაც მისცეს.

2016 წელს ანდერს ბრეივიკმა მსგავსი სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, კერძოდ, იმ ნაწილებს, სადაც ნათქვამია, რომ „არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“. ანდერს ბრეივიკმა მაშინ საქმე მოიგო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაუქმდა.

2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში პრემიერმინისტრის ოფისთან დანაღმული მანქანა ააფეთქა, რის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის მერე, ის კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა, სადაც ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი ჩაცხრილა. ბანაკში ორი ქართველი გოგონაც იმყოფებოდა. ერთ-ერთი, ნათია ჩხეტიანი ტერაქტს გადაურჩა, თამთა ლიპარტელიანი კი რამდენიმე დღეში მოკლულთა შორის იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები