ხარკოვში რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით იუწყება.
სინეგუბოვის თქმით, გარდაცვლილი 91 წლის ქალია.
დაშავებულებს შორის 5 ბავშვია: 3 ბიჭი, 9 წლის; 6 და 13 წლის გოგონები. დაშავებულ ბავშვებს აფეთქების შედეგად სისხლჩაქცევები და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ.
ოკუპანტების იერიშის შედეგად ქალაქში გაჩნდა სამი ხანძარი, განადგურდა არაერთი სამოქალაქო ობიექტი, დაიწვა საწყობები და მანქანები.
„ქალაქში მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა სამი ხანძარი, უამრავი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა, დაშავებულია ადამიანები. ცეცხლი გაუჩნდა საწყობს, კიოსკს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში არსებულ ნივთებს, მანქანებსა და გაზს, რომელიც დაზიანებული გაზსადენიდან მოედინებოდა“, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაში.